უყრაინა ვერ მოიგებს ომს რუსეთის წინააღმდეგ, – „ბლუმბერგის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
„ჩემი, უნგრეთის პოზიცია თავიდანვე იყო, რომ ეს ომი არის დიპლომატიის მარცხი. ეს არასდროს არ უნდა მომხდარიყო. თუ გადავხედავთ, რა ხდება ფრონტის ხაზზე, ჩვენთვის ცხადია, რომ გადაწყვეტილებები, რომლებსაც იღებენ, არ მუშაობს“, – აღნიშნა ორბანმა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ომი ემოციურად „ტრაგიკულია“ და უნგრელების გული უყრაინელებთანაა. ორბანის თქმით, უნგრეთს ესმის, რამდენად იტანჯებიან უყრაინელები.
„მე ვლაპარაკობ, როგორც პოლიტიკოსი, რომელმაც უნდა გადაარჩინოს სიცოცხლე. ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის არის სიცოცხლის გადარჩენა, განსაკუთრებით მაშინ, როცა დარწმუნებული ხარ, რომ ამ ომში მოგების შანსი არ არსებობს“, – განაცხადა ორბანმა.
ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანა უნდა შეეცადოს, მიაღწიოს ერთადერთ შესაძლო გამოსავალს, რაც მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტაა, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ კი, მშვიდობიანი მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უყრაინა უნგრეთის მეზობელი ქვეყანაა, ამიტომ უნგრეთში მთელ ამ სიტუაციას განსაკუთრებული კუთხით განიხილავენ.