გერმანიის და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ანალენა ბერბოკმა და პეტერ სიარტომ ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე იჩხუბეს. ამის შესახებ გამოცემა Politico იუწყება.
მინისტრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ბუდაპეშტის გადაწყვეტილების გამო მოხდა, რომელმაც უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარება დაბლოკა. თავის მხრივ, ბუდაპეშტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კიევმა უნგრული OTP Bank ომის სპონსორობაში დაადანაშაულა. კიევის ინფორმაციით, ეს ბანკი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის შემადგენლობაში აღიარებს და რუს ჯარისკაცებს კრედიტებს აძლევს.
გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის ამ პოზიციამ ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც გააღიზიანა, კერძოდ ესტონეთი და შვედეთი. ბუდაპეშტი, როგორც წესი, ზეწოლის შედეგად უკან იხევს, მაგრამ მისი ეს პოზიცია უკრაინისთვის დროული და სათანადო დახმარების შესაძლებლობას არ იძლევა და ომის პირობებში ძალიან ძვირი ჯდება.