ირაკლი ქარქაშაძე – ქუთაისის აეროპორტში აბუ დაბიდან პირდაპირი ავიარეისები კვირაში ცხრაჯერ შესრულდება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისსა და აბუ დაბის შორის აგვისტოდან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, ხუთშაბათსა და კვირას რეგულარული რეისები დამატებით ორი სიხშირით შესრულდება.

როგორც გაერთიანებაში აღნიშნავენ, ამ ეტაპზე კი, ქუთაისსა და აბუ დაბის შორის რეისები ყოველდღიურად ხორციელდება. ავიაკომპანია Wizz Air-მა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, რეისების შვიდიდან ცხრამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, აბუ დაბიდან ქუთაისის მიმართულებით სიხშირეების ზრდით, მგზავრთნაკადის 30 %-იანი ზრდა არის მოსალოდნელი და ახლო აღმოსავლეთიდან იმერეთის რეგიონში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება.

„ეს არის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან პროექტ Let’s get lost with Wizz ფარგლებში წარმატებული თანამშრომლობის გრძელვადიანი შედეგი. ჩვენმა ბიზნეს განვითარების გუნდმა წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან და შედეგიც სახეზეა: თუ 2022 წლის ბოლომდე აბუ დაბიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რეისები კვირაში ხუთი სიხშირით სრულდებოდა, ავიაკომპანიამ 2023 წლიდან ქუთაისის მიმართულებით რეისების ყოველდღიურად შესრულება დაიწყო და ზაფხულიდან სიხშირეების გაზრდას კიდევ გეგმავს. ამ პროექტის შედეგად, ახლო აღმოსავლეთში საქართველოს ცნობადობა და ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ საგრძნობლად გაიზარდა,“- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 2022 წლის აგვისტოში, ქუთაისში, პროექტ Let’s get lost with Wizz ფარგლებში ჩამოსული ბლოგერებისა და ინფლუენსერების სოციალური მედიაში განთავსებული კონტენტი 26 მლნ. ნახვას გადასცდა. დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ავსტრიის შემდეგ, საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, სადაც მსგავსი უპრეცედენტო და მასშტაბური პროექტი ქუთაისში და იმერეთის რეგიონში განხორციელდა.