„ტიკტოკმა“ მონტანას შტატის სასამართლოს სარჩელით მიმართა

„ტიკტოკმა“ მონტანას შტატის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მონტანას შტატში აპლიკაციის გამოყენება აიკრძალება, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„როიტერის“ ცნობით, „ტიკტოკი“ ამტკიცებს, რომ აკრძალვა კომპანიისა და მომხმარებლების უფლებებს არღვევს. აშშ-ის სასამართლოში შეტანილ სარჩელში ნათქვამია, რომ აკრძალვა არღვევს აშშ-ის კონსტიტუციის კომერციულ პუნქტს, რაც ცუდად აისახება საგარეო ვაჭრობაზე.

კომპანია სარჩელში ამბობს, რომ ჩინეთის მთავრობისთვის „არ გაუზიარებია და არ გაუზიარებს აშშ-ს მომხმარებლის მონაცემებს და მიიღო მნიშვნელოვანი ზომები აპლიკაციის მომხმარებლების კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დასაცავად“.

მონტანას გენერალური პროკურორის, ოსტინ კნუდსენის განცხადებით, მზად არის სასამართლო პროცესებზე „მონტანელთა კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დასაცავად“.

ცნობისთვის, აშშ-ის მონტანას შტატში „ტიკტოკის“ გამოყენება მომავალი წლიდან აიკრძალება. მონტანას გუბერნატორის თქმით, ეს გადაწყვეტილება ჩინეთის მიერ სავარაუდო სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებისგან მოსახლეობის დასაცავად მიიღეს.