კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლაში 10 000 ყოფილი პატიმარი დაიღუპა. ამის შესახებ პრიგოჟინმა რუს სამხედრო ბლოგერთან ინტერვიუში განაცხადა.
პრიგოჟინის თქმით, „ვაგნერში“ აყვანილი იყო 50 000 პატიმარი, საიდანაც დაახლოებით 20 პროცენტი დაიღუპა. მისი თქმით, დანაკარგის ანალოგიური წილია დაქირავებული მებრძოლების სხვა კატეგორიაშიც.
შეგახსენებთ, გასული კვირის ბოლოს ევგენი პრიგოჟინმა ბახმუტის სრულად აღების შესახებ განაცხადა. ოფიციალური კიევი რუსეთის ძალების მიერ ბახმუტის დაკავებას არ ადასტურებს. უყრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ ბახმუტი კვლავ საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩება.
ინტერვიუში პრიგოჟინმა ასევე განაცხადა, რომ პირველი ივნისიდან „ვაგნერის“ მებრძოლები ბახმუტის პოზიციებს რუსეთის რეგულარულ არმიას გადასცემენ და ბახმუტს დატოვებენ. ევგენი პრიგოჟინის თქმით, უყრაინის დემილიტარიზაციის ნაცვლად, რუსეთს უყრაინის მილიტარიზაცია გამოუვიდა.