საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მასწავლებლებთან მორიგი შეხვედრა გამართა. მათი მოსაზრებები სკოლებში არსებული გამოწვევების შესახებ მოისმინა და პედაგოგებს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების არსი და მიზნები განუმარტა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს, როგორებიცაა: პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დახვეწა, მასწავლებელთა გამოცდები, სასკოლო სახელმძღვანელოების გაუმჯობესება, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს განვითარების ხელშეწყობა და სხვა.
მათივე ცნობით, გიორგი ამილახვარის ინიციატივით, ზოგადი განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების მიზნით, მასწავლებლებთან შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.