თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ის უსამართლობა, რაც პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ხდება, გამოწვეულია იმით, რომ მისთვის უმთავრესი საქართველოს ინტერესებია.
როგორც მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილს ქვეყნისთვის ძალიან ბევრი კარგი პროექტი აქვს განხორციელებული, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი 2011 წელს მისი პოლიტიკაში მოსვლა იყო.
„ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი, ქველმოქმედი, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის ძალიან ბევრი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული. ამ ადამიანის უშუალო ჩართულობით განხორციელებული ძალიან ბევრი პროექტი შემიძლია ჩამოვთვალო: იგივე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა, სკოლების, ბაღების მშენებლობა. არ ვიცი, რომელ ერთზე ვისაუბრო, თუმცა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ისაა, რომ 2011 წელს, მან პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, კონკრეტული ნაბიჯი გადადგა. ისეთ ადამიანს, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, თავისუფლად შეეძლო ამ ყველაფერზე უარი ეთქვა, წასულიყო ნებისმიერ ქვეყანაში და მშვიდად, ყოველგვარი პრობლემების გარეშე ეცხოვრა, მაგრამ ის შეყვარებულია თავის ქვეყანაზე, ხალხზე. ის შემოტევები და უსამართლობა, რაც დღეს ამ ადამიანის მიმართ ხდება, გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზის გამო – ვერ პატიობენ ორ რამეს: ეს არის პატრიოტიზმი და ხალხის სიყვარული“, – განაცხადა კახა კალაძემ.