ნინო წილოსანი სოფელ ქსნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები მოსწავლე – ახალგაზრდებთან შეხვედრებს აგრძელებენ. საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი დღეს მცხეთის რაიონის სოფელ ქსნის ბონდო როსტიაშვილის სახელობის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ნინო წილოსანმა მოსწავლეებთან გენდერული თანასწორობის და ზოგადად ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში გაწერილი თანასწორობის საკითხებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე კანონშემოქმედებითი საქმიანობის პროცესსაც გაეცნენ. გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მოსწავლეების მოსაზრებები მოისმინა.

შეხვედრა გასართობ-შემეცნებითი თამაშით დასრულდა, რომლის გამარჯვებულებიც საიუბილეოდ გამოცემული საქართველოს კონსტიტუციით დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებმა პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს.