რომან გოცირიძე – სამწუხაროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ითამაშა ძალიან ცუდი როლი მოსამართლეთა კლანის გაძლიერებაში

სამწუხაროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ითამაშა ძალიან ცუდი როლი მოსამართლეთა კლანის გაძლიერებაში და ფაქტობრივად, ხელი შეუწყო იუსტიციის საბჭოში კლანის ჩაბეტონებას და ახლა ბლოკში შემავალმა პარტიებმა ერთმანეთში არკვიონ რატომ მოხდა, რისთვის მოხდა, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც მან ანა წითლიძის განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა, ახლა ისინი, პირველ რიგში, იმაზე უნდა საუბრობდნენ, რატომ მოხდა ეს ყველაფერი.

„როგორც არ უნდა აბრალონ ერთმანეთს, ფაქტი არის შემდგარი, აგერ კლანის ორი წევრი ჩასვეს იქ. ახლა ფიქრობენ ამ ადამიანებმა იმიტომ ხომ არ მისცეს ხმა, რომ პოლიტიკურ ჯგუფს შეუქმნიდნენ, ვინ რას შეუქმნის, თვითონ გაარკვიონ. რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც სამი კვირის წინ დავაანონსეთ და სახელიც დავარქვით, არავითარი შეხება ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ გვაქვს და პირველ რიგში, იმაზე უნდა საუბრობდნენ, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა”, – განაცხადა გოცირიძემ.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის განცხადებით, თავს ძალიან უხერხულად იგრძნობდა რეგლამენტში ცვლილებები რომ მოეთხოვა და „ქართულ ოცნებას” მხარი დაეჭირა.

„დეკანოიძის და გოცირიძის ინიციატივა მათსავე საწინააღმდეგოდ კარგად გამოიყენა „ქართულმა ოცნებამ“ იმისთვის, რომ ხუთ დეპუტატს ჰქონდეთ შესაძლებლობა, პოლიტიკური ჯგუფი შექმნან, რომლის დაფინანსება თვეში 10 ათასი ლარია“, – განაცხადა წითლიძემ.