რუსეთმა ხუთი შვედი დიპლომატი გააძევა

რუსული მხარე შვედეთის კონფრონტაციულ ქმედებებზე საპასუხოდ ხუთ შვედ დიპლომატს აძევებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

უწყების ცნობით, სამინისტროში შვედეთის ელჩ, მალენა მარდი დაიბარეს.

„შვედეთის ელჩს ეცნობა, რომ რუსულმა მხარემ, საპასუხოდ, გადაწყვიტა პერსონა ნონ გრატად გამოეცხადებინა ხუთი შვედი დიპლომატი, მათ შორის, მოსკოვში შვედეთის საელჩოს თავდაცვის ატაშეს სამი თანამშრომელი“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების განმარტებით, 25 აპრილს შვედეთში რუსეთის საგარეო მისიის ხუთი თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება მოსკოვმა სტოკჰოლმის მხრიდან ღიად მტრულ ნაბიჯად შეაფასა.

„შვედეთის ხელისუფლების ამ ქმედებებმა კიდევ უფრო გაამწვავა სიტუაცია ორმხრივ ურთიერთობებში, რომელმაც უპრეცედენტო დაბალ დონეს მიაღწია, მათ შორის შვედეთში მიმდინარე რუსოფობიური კამპანიის შედეგად“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

მათი განმარტებით, შვედ დიპლომატებს დაევალათ, დატოვონ რუსეთის ფედერაცია იმავე ვადაში, რაც შვედეთის ხელისუფლებამ რუს თანამშრომლებს ქვეყნის დასატოვებლად განუსაზღვრა.