საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ყაზახეთის ახალი მოწვევის პარლამენტის მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

საქართველო-ყაზახეთის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია ყაზახეთში იმყოფება. დელეგაცია, რომელსაც დავით მათიკაშვილი ხელმძღვანელობს ყაზახეთის რესპუბლიკის ახალი მოწვევის პარლამენტის მაჟილისის თავმჯდომარის მოადგილე ალბერტ რაუს შეხვდა. მხარეებმა, მსჯელობისას ხაზი გაუსვეს საპარლამენტო დიპლომატიის განვითარების უდიდეს მნიშვნელობას, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების და ხალხთა შორის კეთილმეგობრული კავშირების დამყარებისთვის. შეხვედრაზე, ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის 30 წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებზე და შემდგომ პერსპექტივებზე. განხილვის მთავარი თემები იყო: ეკონომიკა, ენერგეტიკა, სატრანსპორტო პოლიტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, კულტურა და განათლება.

ყაზახურმა მხარემ პირობა დადო, რომ ახალი მოწვევის მეჟილისში, უმოკლეს პერიოდში შეიქმნება საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი და დაუყოვნებლივ ეცნობება ქართულ მხარეს.

საქართველოს დელეგაციამ, მადლიერება გამოხატა ყაზახური მხარის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. თვითგამოცხადებული რესპუბლიკების არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

შეხვედრის ბოლოს ქართულმა დელეგაციამ მასპინძლები მიიწვია ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, რომელიც 26 მაისს ქ. ასტანაში გაიმართება.