POLITICO: Qatargate-ის კორუფციულ სკანდალში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი ევროპარლამენტში მუშაობის განახლებას აპირებს

Qatargate-ის კორუფციულ სკანდალში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი ევროპარლამენტში მუშაობის განახლებას აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ბერძენი ევროპარლამენტარის ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხუთშაბათს, ბელგიის პროკურატურამ გამოაცხადა, რომ ევა კაილი შინაპატიმრობაში აღარ იმყოფება, ხოლო კაილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ იგი ევროპარლამენტში მუშაობას განაახლებს.

„დღეიდან ევა კაილის შეუძლია დატოვოს თავისი საცხოვრებელი და სრულად განახორციელოს ყველა თავისი უფლება და მოვალეობა, რომელიც გამომდინარეობს მისი, როგორც ევროპარლამენტის წევრის სტატუსიდან“, – განაცხადეს მისმა ადვოკატებმა, სვენ მერიმ და მიხალის დიმიტრაკოპულოსმა ერთობლივ განცხადებაში.

ადვოკატებმა ასევე დასძინეს, რომ „მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ კაილის უდანაშაულობას, ყოველდღიურად იზრდება“.

თუმცა, ვინაიდან გადაადგილების შეზღუდვა ევა კაილის საშუალებას არ აძლევს სტრასბურგში ევროპარლამენტის პლენარულ სესიებს დაესწროს, იგი ჯერ კიდევ ვერ შეძლებს ევროპარლამენტარის მოვალეობების სრულად შესრულებას.

10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი, ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 600 ათასი ევრო, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.

11 დეკემბერს, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევა კაილის მანდატი შეუჩერა. 2023 წლის თებერვალში პოლიციამ ამავე საქმეზე კიდევ ორი ევროდეპუტატი, მარკ ტარაბელა და ანდრეა კოცოლინო დააკავა.