არჩილ თალაკვაძე – არ შეიძლება სერიოზული საუბარი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილს ვირტუალური მთავრობის ხელმძღვანელობას სთავაზობდა

არ შეიძლება სერიოზული განცხადებების გაკეთება იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილს ვირტუალური მთავრობის ხელმძღვანელობას სთავაზობდა. „ნაციონალური მოძრაობა“ იშლება, რადგან მას დეპუტატები ტოვებენ და რა თანამდებობებს არიგებენ?, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

თალაკვაძის თქმით, ეს ყველაფერი ღიმილისმომგვრელია.

„სჯობს, პარტიას მიხედონ და ის ელემენტარული პრობლემები მოაგვარონ, რაც პარლამენტშიც ჩანს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის საკარმიდამოში გამართა. პარტიაში აღნიშნეს, რომ სხდომაზე იმსჯელებდნენ პარტიის განვითარებაზე, ასევე, ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილის როლზე.