დავით კირკიტაძე – გამორიცხულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე წევრმა პარლამენტში, მხარი დაუჭიროს „კლანის“ გაძლიერებას სასამართლოში

გამორიცხულია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე წევრმა საქართველოს პარლამენტში, მხარი დაუჭიროს „კლანის“ გაძლიერებას სასამართლოში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ იუსტიციის უმაღლესო საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, პროცესი, რომელიც ახლა პარლამენტში მიმდინარეობს, სამწუხაროდ „კლანს“ კიდევ უფრო აძლიერებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კარგად აცნობიერებს და გაანალიზებული აქვს ის ჩავარდნები, რაც იყო სასამართლოსთან დაკავშირებით იმ პერიოდში, როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროცესზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული. სამწუხაროა, რომ ის პრობლემები უფრო გაღრმავდა და გარდა მართულობისა, სასამართლოს დაემატა კორუფცია და ამის შესახებ უკვე არაერთი დასკვნა ვიხილეთ და დასანქცირდნენ მოსამართლეები, რაც უპრეცედენტოა. დღეს, მოცემულ ვითარებაში და არც გუშინ, „ნაციონალურ მოძრაობას“ იმ პოლიტიკისთვის, რომელ პოლიტიკასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს, არ დაუჭრია მხარი და არის მისი წინააღმდეგი, გვაქვს ჩვენი მოსაზრებები, თუ როგორ უნდა იყოს მომავალში სასამართლო და გამორიცხულია, რომ ჩვენმა რომელიმე წევრმა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს პარლამენტში მხარი დაუჭიროს კორუმპირებულ, პოლიტიკურად მართულ საზოგადოების „კლანის“ გაძლიერებას სასამართლოში. ეს პროცესი, რომელიც ახლა არის პარლამენტში, სამწუხაროდ, კიდევ აძლიერებს „კლანს“ და შეჰყავს ადამიანები, რომლებიც არიან ბოლომდე მართულები და გამგრძელებლები იმ გზისა, რომელიც აირჩია „ქართულმა ოცნებამ“ მურუსიძესთან და ჩინჩალაძესთან ერთად“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.