ნიკოლოზ სამხარაძე – მგონი, ევროკავშირი პასუხს რუსეთის ხელისუფლებისგან უნდა ითხოვდეს

ჩვენ ისედაც ვიცოდით ევროკავშირის ამ პოზიციის შესახებ, რაც შეეხება დღევანდელ დემარშს, ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა ჩვენი მთავრობის წარმომადგენლებისთვის, კერძოდ ვიცე-პრემიერისთვის, რომ აუხსნას დაწვრილებით ევროკავშირის ელჩებს იმ პოლიტიკის შესახებ, რომელსაც საქართველო ატარებს და რომელსაც აქამდე ატარებდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძის თქმით, საქართველო არ ვუწესებს ორმხრივ სანქციებს რუსეთის ფედერაციას და ეს ყველამ იცის.

„ცოტა უცნაურად შეიძლება, ჟღერდეს, მაგრამ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებისგან პასუხების მოთხოვნა შეიძლება, რაღაც ლოგიკაში ჯდებოდეს, თუმცა ამ შემთხვევაში, მგონი, პასუხს ასევე რუსეთის ხელისუფლებისგან უნდა ითხოვდეს ევროკავშირი, თუ რატომ მიიღო მან ვიზების გაუქმების გადაწყვეტილება ახლა და რატომ მიიღო ასევე ფრენებზე გადაწყვეტილება ახლა. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მე პირადად მაინტერესებს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და კანონმდებელს, არის ის, თუ რატომ არ არის ევროკავშირის მიერ ყველა რუსული ავიაკომპანია დასანქცირებული და ალბათ ამ კითხვასაც დასვამს ჩვენი მთავრობის წარმომადგენელი და საინტერესო იქნება პასუხი. ჩვენ ვაწარმოებთ ძალიან გაცხადებულ პოლიტიკას, რომლის შესახებაც ძალიან დიდი ხანია, ჩვენმა პარტნიორებმა იციან. ჩვენ არ ვუწესებთ ორმხრივ სანქციებს რუსეთის ფედერაციას, ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს, თუმცა ამავდროულად, ვაკეთებთ ყველაფერს, რათა სანქციების გვერდის ავლა რუსეთის მხრიდან არ მოხდეს საქართველოს ტერიტორიის გავლით. ეს არის უპირველესად ჩვენი ეკონომიკური ინტერესების გატარების პოლიტიკა და ჩვენი უსაფრთხოების გატარების პოლიტიკა“, – განაცხადა სამხარაძემ.

ევროკავშირის ქვეყნების ელჩები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს ხვდებიან. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ელჩები მინისტრს რუსეთთან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით დემარშს გადასცემენ.