ძალიან დიდი უსამართლობა იყო, რომ მე და რომან გოცირიძეს თავიდან არ მოგვეცა პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საშუალება. როცა ეს საკითხი გავიდა ჩვენს გარეშე კომიტეტზე, ლევან ბეჟაშვილმა დაიცვა ჩვენი პოზიცია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ახლა სავარაუდოდ, ხედავს საფრთხეს, რომ შესაძლოა, ფრაქცია დატოვონ ადამიანებმა, თუმცა, მისთვის გაუგებარია, რატომ არიან ამაში დამნაშავე ის და რომან გოცირიძე.
“საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე და წევრები ძალიან სწორად გააკრიტიკა კომიტეტზე, მათ შორის, ლევან ბეჟაშვილმა, რადგან ძალიან დიდი უსამართლობა იყო, რომ მე და რომან გოცირიძეს თავიდან არ მოგვეცა პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საშუალება, ამიტომ მე ვერ ვხედავ თავდასხმების საფუძველს. თუ მხარს დაუჭერს ინიციატივას ყველა, ჩვენ გვექნება საშუალება იმის, რომ შევქმნათ პოლიტიკური ჯგუფი და არა მხოლოდ ჩვენ, არამედ იმათ, ვინც არიან დამოუკიდებელო დეპუტატები. მე აღარ მსურს ტალახის სროლაში ვინმეს შევყვე, რადგან თავიდან ბოლომდე ვიზიარებ პოზიციას, რაც ბეჟაშვილმა დააფიქსირა საპროცედურო კომიტეტზე, როცა ეს საკითხი გავიდა ჩვენს გარეშე, რადგან ჩვენ არ ვიცოდით. მაშინ ლევან ბეჟაშვილმა დაიცვა ჩვენი პოზიცია და თქვა, რომ რეგლამენტში უნდა შევიდეს სასწრაფოდ ცვლილებები,” – განაცხადა დეკანოიძემ.