„USAID საქართველო“ – არც USAID-ი და არც აშშ-ის სხვა სააგენტო არ ახორციელებს საქართველოს სასმელი წყლის უსაფრთხოებაზე მონიტორინგს, არ ფლობს ინფორმაციას წყლის ხარისხის შესახებ

საქართველოს სასმელი წყლის უსაფრთხოებაზე მონიტორინგს არ ახორციელებს და წყლის ხარისხის შესახებ საჯარო კონსულტაციებს არ აკეთებს არც USAID და არც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სხვა სააგენტო, – ამის შესახებ ნათქვამია „USAID საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, USAID-ი არ ფლობს ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ მოსახლეობისთვის მიწოდებული წყლის ხარისხის შესახებ.

„USAID-ისთვის ცნობილი გახდა დეზინფორმაციის შესახებ, თითქოს ჩვენ გვაქვს ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ გავრცელებული სასმელი წყლის ხარისხის შესახებ. USAID-ი არ ფლობს მსგავს ინფორმაციას და არც რაიმე სახის რჩევებს გასცემს ამ თემაზე. არც USAID-ი და არც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სხვა სააგენტო არ ახორციელებს საქართველოს სასმელი წყლის უსაფრთხოებაზე მონიტორინგს და არ აკეთებს საჯარო კონსულტაციებს წყლის ხარისხის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.