ნიკოლოზ სამხარაძე – ხაბეიშვილის შეთავაზება პატარა ოპოზიციური პარტიების თვითმკვლელობის ტოლფასია

ხაბეიშვილის შეთავაზება ოპოზიციური სპექტრისთვის, პატარა ოპოზიციური პარტიების თვითმკვლელობის ტოლფასია. ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ შეუერთდებიან არჩევნებზე, რეიტინგს არა თუ მოიმატებენ, არამედ დააკლდებათ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

სამხარაძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებას, სადაც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა: „ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით, რომ 5-7 პროცენტი მიიღონ, რათა ხვალ, ზეგ იყოს კოალიციური მთავრობა“.

სამხარაძის თქმით, ოპოზიციურ პარტიებში უნდა ხვდებოდნენ, რომ ეს ნაბიჯი მათი რეიტინგისთვის კარგი არ იქნება.

„ვინმე საღად თუ აზროვნებს პატარა ოპოზიციურ პარტიებში, უნდა ხვდებოდნენ, რომ ამით ისინი მხოლოდ დამარხავენ ყველანაირ იმედს, რომ არჩევნებზე რაიმე წარმატება ჰქონდეთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კითხვაზე, როგორ ფიქრობს, ოპოზიციას აქვს თუ არა რესურსი, არჩევნებზე კონკურენცია გაუწიოს „ქართულ ოცნებას“, სამხარაძემ აღნიშნა:

„ცოტა ხნის წინ გამოკითხვის შედეგები ვნახეთ. არჩევნებამდე ჯერ კიდევ წელიწადზე მეტია დარჩენილი, ამიტომ არანაირ პროგნოზებს არ ვაკეთებთ, თუმცა რა მდგომარეობაშიც ოპონენტები არიან, იქიდან გამომდინარე, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, პირწმინდად დამარცხდებოდნენ“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.