აშშ-ის ხელისუფლებამ თურქულ ავიაკომპანია Southwind-ს ამერიკული Boeing 737 MAX თვითმფრინავებით რუსეთში ფრენები დაუბლოკა. ამის შესახებ „იზვესტიას“ რუსული საავიაციო ბაზრის ორმა წყარომ განუცხადა.
Southwind 2022 წლის გაზაფხულზე, რუსეთის საავიაციო ინდუსტრიაზე სანქციების დაწესების შემდეგ სპეციალურად რუსი ტურისტების თურქეთში გადასაყვანად შეიქმნა. აკრძალვის გამო გადამზიდავმა გაყიდული ბილეთებით მგზავრების გადაყვანის თხოვნით რამდენიმე რუსულ ავიაკომპანიას უკვე მიმართა. ერთ-ერთი ავიაკომპანიის თანამოსაუბრე გამოცემას უდასტურებს, რომ Southwind-მა მათ მსგავსი თხოვნით მართლაც მიმართა.
უმსხვილესი რუსული გადამზიდავების ორმა წყარომ „იზვესტიას,” ასევე, დაუდასტურა, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ თურქული ავიაკომპანია Southwind Airlines-ს დაუბლოკა შესაძლებლობა, რუსეთში ფრენები ამერიკული Boeing 737 MAX თვითმფრინავებით შეასრულოს. გამოცემასთან ერთ-ერთი რუსული ავიაკომპანიის ტოპ მენეჯერი ამბობს, რომ აშშ-ის ხელისუფლება თურქულ ავიაკომპანიას რუსეთში ფრენებს პირდაპირ ვერ უკრძალავს, ამიტომ ისინი ავიაკომპანიას ან სანქციებით დაემუქრნენ, ან Southwind Airlines-ის თვითმფრინავები სასანქციო სიაში შეიყვანეს, რაც, ფაქტობრივად, მათ საზღვარგარეთ მომსახურების შესაძლებლობას ბლოკავს.
Southwind Airlines თურქული ჩარტერული ავიაკომპანიაა, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე ანტალიაში დაარსდა. თურქულმა მედიამ ის „რუსების გადამყვან ავიაკომპანიად“ მონათლა. „იზვესტიას“ თანამოსაუბრეები საავიაციო ბაზარზე მჭიდროდ აკავშირებენ Southwind-ს კიდევ ერთ, თურქული ფესვების მქონე რუსულ ჩარტერულ ავიაკომპანია Nordwind Airlines-თან და ტუროპერატორ Pegas Touristik-თან. ეს ტუროპერატორი Southwind-ის რეისებით საკუთარ ტურპაკეტებს ქმნის.
გასულ წელს საავიაციო ბაზრის წყაროები „იზვესტიასთან“ აცხადებდნენ, რომ Southwind-ის ფლოტი ნაწილობრივ რუსული Nordwind Airlines-ის ყოფილი თვითმფრინავებისგან შედგებოდა, ხოლო თურქული გადამზიდავის ფრენებში Nordwind-ის ეკიპაჟებიც მონაწილეობდნენ. Flightradar-ისა და Planespotter-ის ამჟამინდელი მონაცემებით, თურქულ ავიაკომპანიას თავის ფლოტში Airbuses-ისა და Boeing-ის რვა თვითმფრინავი ჰყავს, მათ შორის მხოლოდ სამი Boeing 737 MAX-ია. ავიაკომპანია კიდევ ერთ MAX-ს ელოდება, რომელიც ადრე რუსული S7-ის ფლოტში შედიოდა.
Southwind-მა ახლახან რუსეთში ფრენები ორი MAX-ით შეასრულა. ორივე ამერიკულ სალიზინგო კომპანია Air Lease Corporation-ს ეკუთვნის. Flightradar-ის ცნობით, ბოლო ფრენები რუსეთის ფედერაციაში 1-ელ ივნისს, უფასა და ნოვოსიბირსკში შესრულდა. მოგვიანებით ეს თვითმფრინავები ანტალიიდან გერმანიისა და შვეიცარიის რეისებზე გადაიყვანეს.
სააგენტო „ავიაპორტის“ აღმასრულებელი დირექტორის, ოლეგ პანტელეევის შეფასებით, შეერთებული შტატები რუსეთსა და იმ მესამე ქვეყნებზე განაგრძობენ ზეწოლას, რომლებთანაც რუსული ავიაკომპანიები ურთიერთობენ. ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ამ ქვეყნებიდან „დარტყმის ქვეშ Southwind-ის მსგავსი სხვა პატარა გადამზიდავებიც მოექცნენ.“
მოამზადა ლადო სულაბერიძემ
P.S. როგორც ცნობილია, ქართული “ჯორჯიან ეარვეის” რუსეთში სწორედ “ბოინგებით” ახორციელებს ძვირადღირებულ რეისებს.