ნიკოლოზ სამხარაძე: პრეზიდენტს აქვს როგორც უფლებები, ასევე ვალდებულებებიც – ვალდებულება არის, რომ ეროვნული ბანკის სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნას

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტს აქვს როგორც უფლებები, ასევე ვალდებულებებიც და ვალდებულება არის ის, რომ
ეროვნული ბანკის სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნას.

„ჩვენს ქვეყანაში არსებობს კანონით დადგენილი წესები და პროცედურები. როცა ამდენი ხნის განმავლობაში არ ხდება კანდიდატურის წარდგენა ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის თანამდებობაზე, როგორიც არის ეროვნული ბანკი, რა თქმა უნდა, აქ ბევრი კითხვა და ეჭვი ჩნდება, რას ემსახურება ეს გადადება და პროცესის ვადებში გაწელვა. არ მგონია, რომ ეს ყველაფერი იმპუჩმენტამდე მივიდეს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ვადები ხელოვნურად არ უნდა გაიწელოს. პრეზიდენტს როგორც უფლებები აქვს, აქვს ვალდებულებებიც. ვალდებულება არის, რომ ასეთი ინსტიტუტის სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნას“, – აცხადებს სამხარაძე.

პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებით, იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას.