თინა ბოკუჩავა – ამ ეტაპზე პრიორიტეტი უნდა იყოს პრეზიდენტ სააკაშვილის გადარჩენა და გათავისუფლება

შეუძლებელია კონსულტაცია გაიმართოს, სანამ თავად სააკაშვილი არ მიიღებს გადაწყვეტილებას, – ასე პასუხობს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ჟურნალისტებთან კითხვას, იქნება თუ არა მიხეილ სააკაშვილი პარტიის პრემიერ- მინისტრობის კანდიდატი და რამდენად მიმდინარეობს ამ საკითხზე კონსულტაციები.

ბოკუჩავას თქმით, ამ ეტაპზე პრიორიტეტია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გათავისუფლება, ხოლო მას შემდეგ, რაც ეს მიზანი იქნება მიღწეული, სააკაშვილმა გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს.

„ვფიქრობ, ამ ეტაპზე პრიორიტეტი უნდა იყოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა, გადარჩენა და გათავისუფლება. მას შემდეგ, რაც ეს უმთავრესი მიზანი იქნება მიღწეული, მან თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ როგორ ხედავს საკუთარ თავს და როლს ქვეყნის პოლიტიკაში – დარჩება საქართველოში, დაბრუნდება უკრაინაში. ფაქტია, პრეზიდენტ სააკაშვილს ნამდვილად არ სჭირდებოდა არასდროს და არც ახლა თანამდებობა იმისთვის, რომ იბრძოლოს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ამგვარი თანამდებობა მას ჰქონდა უკრაინაში, რომელიც დატოვა, ჩამოვიდა აქ ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად და რა ფორმით მიიღებს ამაში მონაწილეობას, ეს უმთავრესად მისი პრეროგატივაა, განსაკუთრებით იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც ახლა არის მისი ჯანმრთელობის თვალსაზრისით. შეუძლებელია კონსულტაცია გაიმართოს ამ თემაზე, სანამ თავად პრეზიდენტი არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრად დასახლება არ გამორიცხა. მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტის როლი მომავალ არჩევნებში დიდი იქნება.