დიმიტრი ბიძინაშვილი: დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ვანო მერაბიშვილის ხელით იმართება

დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ვანო მერაბიშვილის ხელით იმართება და უნდა გვესმოდეს, რომ საზოგადოება არ დაუჭერს მხარს ერთი არაფორმალური მმართველობის ჩანაცვლებას მეორე არაფორმალური მმართველობით, -ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დიმიტრი ბიძინაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„გვინდა, რომ ამ ქვეყანას ჰქონდეს უკეთესი მომავალი, ევროპული მისწრაფებები ევროპულ გზაზე და ვანო მერაბიშვილი არ არის ის ადამიანი, რომელიც შეიძლება იყოს პარტიის მომავალი ან ქვეყნის მომავალი“, – აღნიშნა ბიძინაშვილმა.

ნიკა მელია ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს – მერაბიშვილსა და კეზერაშვილს მწვავედ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მათ ქვეყნის ინტერესები არ ამოძრავებთ. მელიას ხაბეიშვილის გუნდი პასუხობს და ყოფილ თავმჯდომარეს საჯარო ჭორაობის დასრულებას ურჩევს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები კი პოლიტიკურ სპექტრს აფიქრებინებს, რომ მალე ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკუთარი გუნდით გამოვა და დამოუკიდებელ პარტიას შექმნის.