ნიკოლოზ სამხარაძე საფრანგეთის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, კრისტიან კამბონს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონში არსებული ვითარება, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი როგორც შავი ზღვის უსაფრთხოების, ასევე, ზოგადად, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის.

შეხვედრისას ისაუბრეს ნატო-ს გაფართოებაზე და საქართველოს მიერ ერაყში, ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მისიებში შეტანილ წვლილზე. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან კონტრიბუტორს მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას მხარეებმა ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესსა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შეცვლილ განწყობებზე და აღვნიშნეთ, რომ ახლა ყველა ხვდება ამ საკითხის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას. ფრანგმა კოლეგამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის და ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს ჰქონდეს წევრობისათვის მკაფიო სამოქმედო გეგმა და ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და დაიწყოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

შეხვედრაში საქართველოს პარლამენტიდან დავით სონღულაშვილი და ელისო ბოლქვაძე მონაწილეობდნენ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.