სენატორი ტედ კრუზი: ტრამპისთვის ბრალის წაყენება უზარმაზარ ზიანს მიაყენებს კანონის უზენაესობას

„რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ტედ კრუზმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენება უზარმაზარ ზიანს მიაყენებს კანონის უზენაესობას.

„დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენება არის კულმინაცია იმისა, რისკენაც მერიკ გარლანდი [აშშ-ის გენერალური პროკურორი] უბიძგებდა მას შემდეგ, რაც ის გენერალური პროკურორი გახდა. ბაიდენის ადმინისტრაციის მტრების წინააღმდეგ ჩვენი იუსტიციის დეპარტამენტის იარაღად გამოყენება უზარმაზარ ზიანს მიაყენებს კანონის უზენაესობას და ხანგრძლივი გავლენა ექნება“, – აღნიშნა ტედ კრუზმა.

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით იუსტიციის დეპარტამენტში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს.

ტრამპი თავის უდანაშაულოდ მიიჩნევს და აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტს პოლიტიკური მოტივით დევნაში ადანაშაულებს.

ექსპრეზიდენტს ბრალი შვიდი მუხლით წაუყენეს. როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, ის მაიამის ფედერალურ სასამართლოში 13 ივნისს უნდა გამოცხადდეს.