ვიზიტი გამორჩეულად პროდუქტიული იყო. ჩვენ გვქონდა შეხვედრები ფრანგ კოლეგებთან, ეროვნული ასამბლეისა და სენატის თავმჯდომარეებთან, ასევე კომიტეტების ხელმძღვანელებთან და წარმომადგენლებთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ პარიზში ვიზიტი შეაჯამა.
„სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში დამატებითი შეხვედრებიც კი ჩაინიშნა, რადგან გამოჩნდა, რამდენად საქმიანი და პროდუქტიულია, როცა ჩვენს კოლეგებთან ერთად კონკრეტულ საკითხებზე ვსაუბრობთ. საერთო განწყობა საფრანგეთში ძალიან პოზიტიურია. საფრანგეთი ახლა უკვე სხვანაირად უყურებს გაფართოების პოლიტიკას. არის უფრო გახსნილი და უფრო აქტიური. მოლოდინი გვაქვს, რომ საფრანგეთის მხრიდან იქნება პოზიტიური დამოკიდებულება, როცა საკითხი დადგება საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე წლის ბოლოს ევროპულ საბჭოში. როგორც სხვა ქვეყნებში, აქაც ვიგრძენით, ყველას აქვს შეგრძნება, რომ საქართველოსთვის სტატუსის არმინიჭება არ იყო ბოლომდე სამართლიანი გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში. ყველა ხვდება, რომ საქართველო კვლავ ლიდერია უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით. იმსახურებს, რომ გამოსწორდეს ის წყვეტა, რაც მოხდა ასოცირებულ ტრიოს შორის, როცა ცალკე მიენიჭათ კავშირი უკრაინასა და მოლდოვას. საქართველო-უკრაინა და მოლდოვა ერთ დონეზე უნდა დადგნენ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.