„ხალხის ძალასთან“ ერთად საზოგადოებამ სიმართლეს ფარდა ახადა და იმ საერთაშორისო ძალებს, შიდა მტრებს, მავნებლებს, იმ უკრაინის „ნაცების“ ფილიალს დაანახა, რომ ვიცით თითოეული პუნქტი მათი მზაკვრული გეგმისა, რომელშიც ხელისუფლების აყირავება, მავნებლური, გენმოდიფიცირებული მთავრობის დაბრუნება და საქართველოს დამოუკიდებლობის საბოლოოდ დასამარება შედის.“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა გადაცემა „ უცნობის კიდობანში“ განაცხადა.
მისი თქმით, „ის პასუხი, რომელიც შარშან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან, ხოლო წელს, NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებით მიიღო უკრაინამ, საქართველოსაც ეხება, რადგან არანაირი წყალგამყოფი ამ პოზიციებს შორის არ არსებობს“:
„ანუ, შარშან რომ ომში შევსულიყავით და მეორე ფრონტი გაგვეხსნა, სასწრაფო წესით მოგვანიჭებდნენ ამ არაფრისმომცემ კანდიდატის სტატუსს; ხოლო, იმ შემთხვევაში, თუკი, საქართველო რუსეთს დაამარცხებდა, აუცილებლად გავხდებოდით NATO-ს წევრებიც.
ე.ი. რამხელა საფრთხეს ავცდით. ამის არდაფასება მართლა სექტანტურ, არანორმალურ ტვინში შეიძლება დაიბადოს. მართლა კბილებით უჭირავს პატარა საქართველოს თავი და ყველა საფრთხეს ვიგერიებთ. ჩვენი, „ხალხის ძალის“ შექმნის იდეაც ეგ იყო, რომ ეს საინფორმაციო ვაკუუმი გაგვერღვია და საზოგადოებასთან ყველაფერზე ღიად გველაპარაკა.
იმიტომ, რომ დიპლომატიური, კულუარული თუ პოლიტკორექტული ტონი ისეთ თემებთან, რომლებიც შენს საქართველოს, შენს სამშობლოს ემუქრება, უკვე არ შეიძლებოდა. ჩვენთან ერთად საზოგადოებამ სიმართლეს ფარდა ახადა და იმ საერთაშორისო ძალებს, შიდა მტრებს, მავნებლებს, იმ უკრაინის „ნაცების“ ფილიალს დაანახა, რომ ყველაფერი ვიცით.
ვიცით თითოეული პუნქტი მათი მზაკვრული გეგმისა, რომელშიც შედის ხელისუფლების აყირავება, მავნებლური, გენმოდიფიცირებული მთავრობის ხელისუფლებაში დაბრუნება და საქართველოს დამოუკიდებლობის საბოლოოდ დასამარება. არაფერი გამოუვათ – საზოგადოება, ქართველი ერის უმრავლესობა არ გავჩერდებით და ვერავინ გაგვაჩერებს. როგორ შეიძლება გააჩერო ერი, რომლის ძირითადი საყრდენი ძალა არის ღმერთი, ღვთისმშობელი და ჩვენი ზეციური, ასობით, ათასობით წმინდანთა დასი. ყველას ეპატარავება ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რადგან ვერ ტვინავენ, ასეთი პატარა ქვეყანა როგორ ახერხებს ამ დოზით ურჩობას, მაშინ, როდესაც თავიანთი გეგმები უკრაინაში ან სხვაგან გამოსდით. მაგრამ, საქართველოში, იგივე, ნაცადი მეთოდებით ხელისუფლების აყირავება, ჩვენი დაჩოქება თუ ცალ ფეხზე დგომა გამორიცხულია.“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.