ირაკლი კობახიძე – იმედი გვაქვს, რომ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი და შარშანდელისგან განსხვავებით, იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება

ყველამ იცის, რომ ჩვენ შარშან, ივნისშიც გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, ეს თვითონ ევროკომისიამაც დაადასტურა, როდესაც ქულებით შეფასება დადო, აქედან გამომდინარე, ნათელია, ჩვენ შარშან ივნისშიც გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მმართველი პარტია 12 რეკომენდაციას პირნათლად ასრულებს.

„12 პუნქტი შესრულდება ივნისის ბოლომდე. ჩვენ ყველანაირად მზად ვიქნებით , რომ მივიღოთ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი, თუმცა დეკემბერში იქნება მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება და როცა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება, იქ შანსები არის ყოველლთვის 50/50-ზე. ერთი სამწუხარო მოვლენა არის ის, რომ პოლიტიკური კონტექსტი არსებითად არ შეცვლილა შარშანდელი ივნისის შემდეგ, შესაბამისად, რისკები რჩება, თუმცა, ჩვენ მაინც გვაქვს იმედი, რომ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. ვერ დავიწყებ სპეკულირებას, ევროპული საბჭოს გადასაწყვეტია ის, თუ რა სტატუსი მიენიჭება ქვეყანას. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა დაველოდოთ დეკემბრის გადაწყვეტილებას. იმედი გვაქვს, რომ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, ამ შემთხვევაში, იმედი გვაქვს, რომ იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება მიღებული, განსხვავებით შარშანდელი გადაწყვეტილებისგან“, – განაცხადა კობახიძემ