ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ მოწყობილი პროვოკაცია იყო, იყვნენ მოსული, იღებდნენ ამ ე.წ ინციდენტს. სინამდვილეში, იყო მოსული „ფორმულასთან“ აფილირებული რამდენიმე ახალგაზრდა, რომლებსაც ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, ამ ახალგაზრდების პოლიტიკური ორიენტაცია არეულია და საჭიროა, მათი ორიენტაცია სწორ რელსებზე დადგეს.
„ჩვენი მიზანი უნდა იყოს ამ ახალგაზრდების გადარჩენა. მგონია, მათი გადარჩენა შესაძლებელია. დარწმუნებული ვარ, მათი ორიენტაციის სწორ რელსებზე მოქცევა შესაძლებელია. ეს ახალგაზრდები რამდენიმე დღის წინ პარლამენტის წინ იდგნენ და პრემიერის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ, არაფერ შუაში არ არის მათი სტუდენტობა ამ შემთხვევაში. მათი ორიენტაცია ყველანაირად არის არეული. მგონია, რომ ეს ადამიანები უნდა მოექცნენ სწორ რელსებზე. საჭიროა, ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები – დაქორწინდნენ, გამრავლდნენ და ა.შ. ამ ახალგაზრდებს აქვთ ყველანაირი ორიენტაცია არეული, მათ შორის, პოლიტიკურიც, როცა თან ხარ „ნაცი“, „გირჩელი“ და ა.შ. ეს ნიშნავს პოლიტიკური ორიენტაციის არევას, მაგრამ ჩვენი მიზანია, ეს ახალგაზრდები სწორ გზას დაადგნენ, ჩადგნენ საკუთარი ქვეყნის სამსახურში და არა იმ პოლიტიკური ძალების სამსახურში, რომლებიც არიან უცხოელი აგენტები. მათი ყველანაირი ორიენტაცია, დაწყებული პოლიტიკურიდან, უნდა გამოსწორდეს, ეს არის ჩვენი ამოცანა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ, მათ შორის ამ ახალგაზრდების გადასარჩენად“, – განაცხადა კობახიძემ.