ვფიქრობ, რომ საჯარო განცხადებებამდე პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა შევძლოთ და ერთმანეთთან საუბარი დავიწყოთ, შემდეგ გაკეთდეს საჯარო განცხადებები და კომენტარები, აშკარაა, რომ საჯარო განცხადებებით მხოლოდ ირღვევა და ზიანდება ოპოზიციური ფლანგის ინტერესები, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ საჯარო განცხადებებამდე შიდა კონსულტაციები უნდა გაიაროს.
„ერთმანეთზე თავდასხმა მოჰყვება, როდესაც მოლაპარაკებების გარეშე ვაკეთებთ საჯარო განცხადებებს და ერთმანეთს გამოვრიცხავთ ამა თუ იმ პოლიტიკური ცენტრიდან. უმნიშვნელოვანესია, პირველ რიგში, დახურულ კარს მიღმა კონსულტაციები, რომელიც არ დაწყებულა. მე არ მქონია არავისთან ამ საკითხზე საუბარი, მაგრამ მგონია, რომ როდესაც მხოლოდ საჯარო განცხადებებით ესაუბრებიან პარტიები ერთმანეთს, ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ ინტერესებშია. ვისაუბროთ ოპოზიციურმა პარტიებმა, მერე დავილაპარაკოთ საჯაროდ და ვაცნობოთ საზოგადოებას, რას ვფიქრობთ. მე არ ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, ყველა გაერთიანდეს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ჩემი აზრით, იქნება რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი“, – განაცხადა სამნიძემ.