არ მაქვს ოპტიმისტური მოლოდინები, ვფიქრობ, ხელისუფლება ყველანაირად ეცდება, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე რაღაცები გააფუჭოს, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, დაბალია ალბათობა იმისა, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დადებითი პასუხი იქნება.
„გერმანიის კანცლერმა პრემიერ-მინისტრს თუ უთხრა, კონკრეტული რაღაცები გააკეთე და ჩვენ მხარს დავუჭერთ კანდიდატის სტატუსის მოცემას, ესენი ადგებიან და სწორედ ჩამოთვლილი პუნქტების საპირისპიროს გააკეთებენ. შეიძლება, კანდიდატის სტატუსის გადავადებაზეც კი იყოს საუბარი. მთავარია, რომ თუ კანდიდატის სტატუსის გადმოცემაზე უარი იქნება, ეს არ უნდა იყოს გზავნილი, რომელიც აღქმული იქნება ან ჩვენ მიერ ან რუსეთის მიერ, რომ ჩვენთვის კარები დაიკეტა. ეს არის არსებითად მნიშვნელოვანი და ეს ევროპელებს ესმით. უარის შემთხვევაშიც ისეთი გზავნილი იქნება, რომ კარები ღია არის, უბრალოდ ამ ქვეყანას რაღაცები გასაკეთებელი აქვს და ამის შემდეგ ეს კარები ღია დარჩება. თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს ქართველი ხალხის დამსახურება იქნება, რადგან ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიგვეღო, მაგრამ ალბათობა იმისა, რომ დადებითი პასუხი იყოს, ჩემი აზრით დაბალია“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ, რომლის კომენტარიც „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა.
ჯაფარიძის თქმით, გერმანიის კანცლერის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრის მიზეზი იგივე იყო, რაც მანამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ჩამოსვლა, ასევე, რამდენიმე დღის წინ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტიტეტის თავმჯდომარის ჩამოსვლა.
„გერმანია ევროკავშირში არის ლიდერი ქვეყანა, ამიტომ გერმანიის პოზიცია მნიშვნელოვანია და მას სხვა ქვეყნების პოზიციაზე გავლენა ექნება. გერმანელების ასეთი აქტიურობა და ინტერესი გამოწვეულია იმით, რომ მათ ბოლომდე პირადად სურთ, გაერკვნენ, რა ხდება ამ ქვეყანაში, რას აკეთებს ეს ხელისუფლება და რატომ იქცევა ასე ველურივით და ა.შ. ჩემი აზრით, ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენ გავაგრძელოთ და აღვადგინოთ მსვლელობა დასავლეთისკენ, არის ამ ხელისუფლების ცვლილება“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.