რევოლუციური კომიტეტის შემადგენლობაა ჯაფარიძე, ვაშაძე, ხოშტარია, ხაბეიშვილი და ნებისმიერი სხვა, ვინც ცდილობს, გარკვეული დისონსანსი შემოიტანოს რეკომენდაციების შესრულების პროცესში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციური ფლანგიდან სუბიექტები ერთმანეთს რევოლუციონერობაში ეჯიბრებიან.
„რევოლუციური კომიტეტი შექმნეს, რომლის მთავარი ამოცანაა, ევროსტრუქტურებში საქართველოს საკითხი პოზიტიურად არ იყოს განხილული. ანუ, მას კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს. განცხადება, რომ ხაბეიშვილი და სხვები მუშაობენ, რათა ქვეყანამ სტატუსი მიიღოს, სიცრუეა. არ შეიძლება, რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე საუბრობდე და თან სტატუსს ითხოვდე. მათი მთავარი ამოცანაა, როგორმე რეკომენდაციები არ შესრულდეს. მათი ამოცანაა, საბოტაჟი შექმნან და შექმნეს კიდეც. ჯაფარიძის ფიგურა სხვა გარემოებებთან არის ასოცირებული, როგორიცაა საზღვართან მისვლა და უგვანო პერფორმანსების ჩატარება, რაც შეუფერებელია. რევოლუციური კომიტეტის შემადგენლობაა ჯაფარიძე, ვაშაძე, ხოშტარია, ხაბეიშვილი და ნებისმიერი სხვა, ვინც ცდილობს, გარკვეული დისონანსი შემოიტანოს რეკომენდაციების შესრულების პროცესში. დღეს ასეთი ამოცანა აქვთ, მაგრამ მათი მიზანი შეიძლება, უფრო რადიკალურ ნაბიჯებზე გადასვლა იყოს. რასაკვირველია, 12 მუხლია სამიზნე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.