აგრარულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.
პარლამენტის წევრის ხატია წილოსანის განცხადებით, არსებული შეთანხმებით, კანონის სახელწოდება მიღების შემდეგ ჩამოყალიბდება შემდეგნაირად: „სურსათის დანაკარგების, მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“.
„კანონპროექტის რეგულირების სფერო ეხება სურსათის ნარჩენების პრევენციას, ხოლო მისი წარმოქმნის შემთხვევაში კი აუცილებელია სწორად მართვა. ეს არის სრულიად ახალი კანონი ქართულ საკანონმდებლო სივრცეში, რომელიც არეგულირებს სურსათის ნარჩენების საკითხს ცალკე, ექსკლუზიურად და შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეგიონში საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელსაც ექნება კანონი სურსათის ნარჩენების, მისი პრევენციის, შემცირების და დანაკარგების სწორად მართვასთან დაკავშირებით. ძირითადი მიმართულება, რითაც კანონპროექტი გამოირჩევა, ეს არის ახალი ცნებების, ახალი მიმართულებების შემოტანა კანონმდებლობაში, რომელიც ხელს შეუწყობს სურსათის ნარჩენების სწორად მართვას,“, – განაცხადა ხატია წილოსანმა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კანონი შესაძლებლობას მისცემს როგორც ბიზნესის წარმომადგენლებს, ისე ადამიანებს, ვისაც ამის საჭიროება აქვს, რომ ააწყონ ჯაჭვი და დაკავშირებული იყონ ერთმანეთთან იმგვარად, რომ ორივე მხარისთვის მომგებიანი იყოს ამ საქმიანობაში ჩართვა. სურსათის განაწილებისათვის ქვეყანაში შეიქმნება სურსათის ბანკები. მისივე თქმით, შეიქმნება სამართლებრივი საფუძველი საგადასახადო შეღავათების დაწესებისათვის, მნიშვნელოვანია, რომ სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირება და სურსათის შეწირულობა იქნება წახალისებული.
მომხსენებელმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს და გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციას, ყველა იმ ადამიანს, ვინც მაქსიმუმი გააკეთა იმისათვის, რომ კანონპროექტი არსებული სახით ყოფილიყო წარმოდგენილი.
ამავე საკითხს უკავშირდებოდა კომიტეტის სხდომაზე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პოლიტიკის უფროსი მრჩევლის ჯუმბერ მარუაშვილის მიერ წარმოდგენილი ანგარიში სურსათის ნარჩენების მიმართ საქართველოში მომხმარებელთა ქცევისა და დამოკიდებულების კვლევის შესახებ.
საბოლოოდ, კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით, ზოგადი პრინციპების დონეზე, მხარი დაუჭირა.