კულტურის კომიტეტმა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილა

პარლამენტის კულტურის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„გამჭვირვალობა, კარგი მმართველობა და ანგარიშვალდებულება – ამ სამ პრინციპზე ავაგეთ ეს კანონპროექტი“, – განაცხადა საკითხზე მომხსენებელმა, კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა ბაია კვიციანმა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტის მიზანია საქართველოში საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესება და მისი დაახლოება ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან.

მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის მიღების შედეგად, გაიწერება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის შექმნის წესები და პირობები. დაინერგება კოლექტიური მართვის ორგანიზაციის აკრედიტაციის, მისი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველმყოფი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ახლებური მექანიზმი, ჰონორარის სამართლიანი განაწილებისა და ტარიფების დადგენის პრინციპები, რაც ხელს შეუწყობს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების უფლებათა ეფექტურ და ეფექტიან განხორციელებას ქონებრივ უფლებათა კოლექტიური მართვის სფეროში.

ბაია კვიციანის თქმით, ცვლილებათა პაკეტი, ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტისა და ინტელექტუალური საკუთრების საკითხებით დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით მომზადდა. პროექტის შემუშავებისას გათვალისწინებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრაქტიკა და გამოცდილება საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვასთან დაკავშირებით.

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, კოლექტიური მართვის ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობისთვის კანონპროექტში ეფექტური და ქმედითი მექანიზმები გაიწერა.

„ამ საკითხის მიმართ ჩვენ გვჭირდება სისტემური მიდგომა. ავტორებს უნდა მოგცეთ ყველანაირი მექანიზმი თქვენი ინტერესების დაცვისთვის“, – მიმართა ირაკლი მეზურნიშვილმა კომიტეტის სხდომაზე დამსწრე კულტურის სფეროს წარმომადგენლებს.