საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში დანიის სამეფოს ელჩს, ანე ტოფტ სორენსენს შეხვდა. შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და საპარლამენტო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს. მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს მაღალი დონის ვიზიტების ინტენსივობა.
შეხვედრისას განხილვის თემებს წარმოადგენდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი და ამ მხრივ გატარებული რეფორმები. საქართველო-ნატო-ს ურთიერთობებზე საუბრისას ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის ნატო-ში გაწევრიანებისთვის და ამისთვის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს წინაშე მდგარ უსაფრთხოების გამოწვევებზე.
მხარეებმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრეს. მიმოიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ვითარება და ამ პროცესში, საქართველოს მნიშვნელოვანი სამშვიდობო როლი.
ელჩმა, ქვეყნის სახელით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების და შემდგომში, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.