რომან გოცირიძე ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილებებზე – არც ერთ სხვა სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოს ასეთი რეპრესიულ-ტერორისტული მექანიზმები არ გააჩნია!

არც ერთ სხვა სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოს ასეთი რეპრესიულ-ტერორისტული მექანიზმები არ გააჩნია! – ვისი ინიციატივაა, რომელ უწყებაში გაჩნდა იდეა და როგორ დაიძრა საქმე?! – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტზე განაცხადა, რომლის საფუძველზეც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებების გაზრდა და ფუნქციების გაძლიერება იგეგმება.

გოცირიძის შეფასებით, პარლამენტის მიერ კანონის მიღების შემდეგ მოსალოდნელია რეპრესიები. ოპოზიციონერი დეპუტატი დაინტერესდა, სამედიცინო მიმართულებით მსოფლიოს რომელ უწყებას აქვს ანალოგიური უფლებამოსილებები.

“შეცდომაში შეგყავთ მოქალაქეები, როცა ამბობთ, რომ თურმე საქართველოში არსებობს უწყებები, რომელთაც ასეთი უფლებამოსილებები გააჩნია. მაგალითისთვის შრომის ინსპექცია მოგყავთ. შრომის ინსპექციის ზედამხედველობის სფერო ძალიან პატარა სეგმენტია. გინახავთ შრომის ინსპექციის მიერ დახურული საწარმო ან ჯიხური?! იცით, რა არის ფინანსური პოლიციის ან საგადასახადოს უფლებები? ან ეროვნულ ბანკის ზედამხედველობის სამსახურს რა უფლებები აქვს?! ეს არის ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოები და არც ერთ ამ უწყებას ასეთი რეპრესიულ-ტერორისტული მექანიზმები არ გააჩნია!“, – განაცხადა გოცირიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მაკონტროლებელ ორგანოს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შესვლის, მასალის, ნივთის და ა.შ. გამოთხოვის შესაძლებლობა, ასევე საზედამხედველო ობიექტის (ან მისი ნებისმიერი ნაწილის) დათვალიერების, ხელშეუხებლობის მოთხოვნის, დალუქვის და ამოღების უფლებამოსილებები ენიჭება.

მაკონტროლებელ ორგანოს უფლებამოსილება ეძლევა, ელექტრონული საჯარიმო ქვითარი გამოიყენოს, რომლის ფორმას, შევსებისა და წარდგენის წესს ჯანდაცვის მინისტრი დაამტკიცებს.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შეეძლება მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელს საქმიანობის უფლება შეუჩეროს.

კანონის პროექტის თანახმად, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ეტაპზე სამინისტროს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცევა და მათ აღსრულებას გასაჩივრება არ გააჩერებს, თუ სასამართლომ სხვაგვარად არ დაადგინა.

ამავე პროექტით, სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მოქმედი საჯარიმო სანქციები იზრდება.

სანქციების ზრდის გარდა, ცვლილების მიხედვით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, სასამართლოსთან ერთად, მოცემულ სამართალდარღვევის საქმეებზე როგორც ოქმის შედგენის, ისე საქმის განხილვის შესაძლებლობა ენიჭება.

ასევე, სააგენტოს მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეების განხილვისას ელექტრონული დაჯარიმების შესაძლებლობა შემოდის.

კანონის პროექტი ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა.