გიორგი ვაშაძე – „ქართულ ოცნებას“ აქვს ბოლოს ბოლოს ბოლო შანსი, რამდენიმე კვირაა დარჩენილი, რომ შეეშვას საბოტაჟს და გადადგას ნაბიჯები ევროკავშირისკენ

ახლა „ქართულ ოცნებას” აქვს ბოლოს ბოლოს ბოლო შანსი, რამდენიმე კვირაა დარჩენილი, რომ შეეშვას საბოტაჟს და გადადგას ნაბიჯები ევროკავშირისკენ, ბურთიც მათ მხარეს არის და მოედანიც,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

ვაშაძე მოუწოდებს ხელისუფლებას, შეასრულოს კონკრეტული რეკომენდაციები. მისი თქმით, ეს რამდენიმე კვირა იქნება ტესტი, თუ რა გზას ირჩევს “ქართული ოცნება”. მისივე შეფასებით, მმართველი გუნდის პოზიცია, რომ დეოლიგარქიზაციის კანონს მაინც მიიღებენ, არის რეკომენდაციების შესრულების საბოტაჟი, რადგან ეს კანონი იმასთან, რასაც ამბობს რეკომენდაციები და ყველა დასავლელი პარტნიორი, არაფერ შუაშია.

“ვფიქრობ, ამაზე მკაფიო არასდროს ყოფილა ჩვენი პარტნიორების პოზიცია. ჩვენ, ოპოზიცია ყველა კანონს, რაც ინიცირებული იქნება 12 პუნქტის შესასრულებლად, მხარს დავუჭერთ. დრო არის ძალიან ცოტა.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის კანონს, ვენეციის კომისიის დასკვნა ძალიან მკაფიოა – ამ კანონის მიღება არ შეიძლება, ის არ შეესაბამება მოთხოვნებს, რაც ევროკავშირს აქვს, ამაზე პირდაპირი ნათქვამი, ვერ წარმომიდგენია, რა შეიძლება იყოს. ჩავთვალოთ, რომ ეს პროექტი გადასაგდებია“, – განაცხადა ვაშაძემ.