პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე პროკურატურამ სასამართლოში სახანძრო-ტექნიკური, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა.
როგორც სასამართლო სხდომის დაწყებამდე საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ განაცხადა, აღნიშნული დასკვნით ლაზარე გრიგორიადისის ქურთუკზე ნავთობპროდუქტების კვალი ამოვიდა, რითაც ბრალდებულის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილთან შემხებლობა დასტურდება.
სხდომაზე ასევე, პროკურატურის მოწმეებს დაკითხავენ, რომლებიც შესაძლოა, პოლიციელები იყვნენ.
როგორც გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისმა განაცხადა, იმედს გამოთქვამს, რომ პოლიციელები ცრუ ჩვენებას არ მისცემენ.
ამასთან, გრიგორიადისის ოჯახის წევრებს უჩნდებათ კითხვა, თუკი პოლიციელები ადგილზე იმყოფებოდნენ და დაინახეს გრიგორიადისის მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის ჩადენა, რატომ არ დააკავეს ის იქვე და რატომ მოხდა ეს რამდენიმე დღის შემდეგ.
„ჩემი მოთხოვნაა, პოლიციელმა ჩვენების მიცემისას არ იცრუოს და მოსამართლემ ის განაჩენი არ გამოიტანოს, რასაც ზემოდან ავალებენ. როგორც ვიცი, დღეს 4 პოლიციელს დაკითხავენ/ იმედს ვიქონიებ, რომ არ იცრუებენ. თუ იცრუებენ, სტრასბურგამდე მივიყვან საქმეს და ყველას გავასამართლებ ცრუ ჩვენებისთვის. ისე იქცევიან, „არ ბნელა“,- განაცხადა ბექა გრიგორიადისმა.
სხდომას ესწრება ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი, ის დუმილის უფლებით სარგებლობს.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.
ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.