მამუკა მდინარაძე პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე: „ნაცი“ კი არა, მართლა ფაშისტი რომ იყო წინა საუკუნიდან, მაშინ არ უნდა იკადრო და არ უნდა მოგაფიქრდეს ასეთი რამის გაკეთება

როდესაც შენ პოლიტიკური მიზნებისთვის ასეთ სტრესს აყენებ ბავშვებს, შშმ პირებს, შვილებს, ამ ადამიანებს ყველაფერი ეკუთვნის. ყურებში თითებგარჭობილი შშმ ბავშვის ერთი ფოტო ვნახე ამ საშინელებისა და მარაზმის შედეგად – წარმოუდგენელი ამბავია, არ შეიძლება ყველაფერი იკადრონ ადამიანებმა. „ნაცი“ კი არა, მართლა ფაშისტი რომ იყო წინა საუკუნიდან, მაშინ არ უნდა იკადრო და არ უნდა მოგაფიქრდეს ასეთი რამის გაკეთება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა, რითაც პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

„როცა რუსული საქმის მკეთებლები დეკლარირებენ ვითომ პროდასავლურად, ეს ადამიანისთვის რთული ასატანია. როცა წინ გისხედან ადამიანები, რომელთა პარტიამ ქართველ სამხედროებს ომის დაწყება და ომის დანაშაული დააბრალა და ამის გარდა უამრავი რუსული საქმე აკეთა, ამის მოთმენა პრაქტიკულად შეუძლებელია. რომ არა პოლიტიკოსების თმენის ვალდებულება, ალბათ, არ ვიცი აქ რა მოხდებოდა. კარგია, რომ თმენის ვალდებულება არსებობს და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ამ წესის დაცვას. რაც შეეხება შშმ პირების თემას, მე ამ თემას ვიცნობ ძალიან ახლოდან – პროფესიული თვალსაზრისითაც, წინა წარსული ცხოვრებიდანაც და ოჯახიდანაც. როდესაც შენ პოლიტიკური მიზნებისთვის ასეთ სტრესს აყენებ ბავშვებს, შშმ პირებს, შვილებს, ამ ადამიანებს ყველაფერი ეკუთვნის. ყურებში თითებგარჭობილი შშმ ბავშვის ერთი ფოტო ვნახე ამ საშინელებისა და მარაზმის შედეგად – წარმოუდგენელი ამბავია, არ შეიძლება ყველაფერი იკადრონ ადამიანებმა. „ნაცი“ კი არა, მართლა ფაშისტი რომ იყო წინა საუკუნიდან, მაშინ არ უნდა იკადრო და არ უნდა მოგაფიქრდეს ასეთი რამის გაკეთება. მით უმეტეს, დარბაზში მსხდომი ადამიანები რომ მეუბნებიან, რომ, დიახ, მე დავუკარი ამ პერფორმანსს ტაშიო, და ის ბავშვები საერთოდ არ აინტერესებს, ამას შეფასების მიღმა დავტოვებ, იმიტომ რომ ამის კორექტულად შეფასება არ შეიძლება. ეს იყო მშობელი, რომელიც შედის „ნაცმოძრაობის“ 10-20 ყველაზე რადიკალურ აქტივისტს შორის. მის მფლობელობაში არსებულ ფართში იკრიბებიან ხოლმე, უშუალოდ პარტიის აქტივისტია და მას დაევალა, როგორც ჩანს. მე ოჯახიდან ვიცი, რას ნიშნავს შშმ პირი, მის მიმართ რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს და როგორ უნდა მოვეპყროთ“, – აცხადებს მდინარაძე.

პარლამენტის სასესიო დარბაზში დღეს ინციდენტი მოხდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა სხდომის დროს დარბაზში რუსული რუბლები გადაყარა, რასაც დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.