ვინ არის კაცი, რომელმაც 15 წლის ბათუმელ გოგოზე სექსუალურად იძალადა

მამაკაცი, რომელიც 15 წლის გოგოზე სექსუალურად ძალადობდა, 23 წლის ლაშა ნინიძეა – მას დღეს პატიმრობა შეეფარდა.

გამოძიების თანახმად, მოზარდი მე-15 სართულიდან გადმოხტა – დაკავებულს კიდევ ერთი ბრალი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აქვს წაყენებული.

მოსამართლე თამაზ ბეჟაშვილმა სხდომა დახურა, რადგან საქმე ეხება არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულს. სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 15 ივნისს გაიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიებით დაადგინა, რომ 15 წლის გოგო, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა, სისტემატურად სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო.

სისხლის სამართლის კოდექსის თვითმკვლელობამდე მიყვანისა (115-ე მუხლი) და 16 წლამდე ასაკის ადამიანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით (140-ე მუხლი) დააკავეს 2000 წელს დაბადებული კაცი, რომელსაც შვიდიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.