ჰერმან საბო: სააკაშვილის მიერ არჩეულმა გზამ რომ სერიოზულობა შეიძინოს, საჭიროა, რომ ის ციხეში დაბრუნდეს

არ მგონია, რომ თუ სააკაშვილმა გადაწყვიტა, კარგად და ენერგიულად იყოს, ეს მალევე ვერ მოახერხოს. მეტიც, ამ გზამ რომ სერიოზულობა შეიძინოს, საჭიროა, რომ სააკაშვილი ციხეში დაბრუნდეს, იმიტომ რომ ოროთახიანი პალატიდან წამოწოლილი პოლიტიკის კეთება და მთავრობის ჩამოგდება ცოტა არასერიოზულად გამოიყურება. მის ამ გადაწყვეტილებას სჭირდება დასერიოზულება და ეს იქნება ციხეში დაბრუნება, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა ჰერმან საბომ განაცხადა.

„როდესაც სააკაშვილი ციხეში მოხვდა, ჩვენ ვამბობდით, რომ მას ორი გზიდან ერთი აქვს ასარჩევი. ერთი არის სრული დისტანცირება ქართული პოლიტიკისგან იმდენად, რომ ის პოლიტიკოს სააკაშვილისგან გადაიქცეს მოქალაქე სააკაშვილად, რომლის ციხეში ჯდომა „ქართულ ოცნებას“ აღარ სჭირდება. ეს შეიძლება ყოფილიყო მისი ციხიდან გამოსვლის ერთი გზა. მეორე არის, რომ ციხიდან გამხდარიყო უფრო აქტუალური და იქიდან ეკეთებინა პოლიტიკა. ამ ორს შორის ერთ-ერთი უნდა აერჩია, მაგრამ მთელი ეს პერიოდი „ნახევრად ფეხმძიმე“ მდგომარეობას ვხედავდით. ის არ იყო წასული პოლიტიკიდან და თავისი პარტიის წევრებიც კი ვერ დააჯერა, რომ არ უნდოდა ქართულ პოლიტიკაში ყოფნა. ქართულ პოლიტიკაში მისი დარჩება იმითაც ჩანდა, რომ მისი პარტია არ დაიშალა მარტივ მამრავლებად, რაც კარგი იქნებოდა ქართული პოლიტიკისთვის. რადგან ამ სცენარით ბოლომდე ვერ განვითარდა სიტუაცია, სჯობს, რომ ის დაბრუნდეს და მისი დაბრუნება აღარ იყოს სიურპრიზი შემდეგი არჩევნების წინ. რამდენად შეძლებს ის საკუთარი თავის აქტუალიზაციას, არ მგონია, რომ თუ გადაწყვიტა, კარგად და ენერგიულად იყოს, ეს მალევე ვერ მოახერხოს. მეტიც, ამ გზამ რომ სერიოზულობა შეიძინოს, საჭიროა, რომ სააკაშვილი ციხეში დაბრუნდეს, იმიტომ რომ ოროთახიანი პალატიდან წამოწოლილი პოლიტიკის კეთება და მთავრობის ჩამოგდება ცოტა არასერიოზულად გამოიყურება. მის ამ გადაწყვეტილებას სჭირდება დასერიოზულება და ეს იქნება ციხეში დაბრუნება“, – აცხადებს ჰერმან საბო.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად“