დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და პარტიის გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი პარტიის ცენტრალურ ოფისში ავსტრიის ელჩს, თომას მიულმანს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ელჩთან საუბრის თემა შეეხებოდა, პარტიის გეგმებს, არჩევნებისთვის მზადებას და ასევე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის როლს.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ იმყოფებოდა ავსტრიის პარლამენტის სპიკერი, რომელსაც ძალიან მკაფიო განცხადებები ჰქონდა, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არ ასრულებს „ქართული ოცნება“ 12 – რეკომენდაციას, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება არ ახორციელებს შეგნებულად.
მათ ესმით, რომ დემოკრატიული ცვლილებები, მეტი გამჭვირვალობა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მედიის დამოუკიდებლობა, მართლმსაჯულებაში ფუნდამენტური რეფორმები გამოიწვევს პირველივე არჩევნებზე მათ დამარცხებას. „რუსულ ოცნებას“ ამისი ეშინია და აქედან გამომდინარე, მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ცვლილებებით შემოიფარგლოს და არა რეალური, ფუნდამენტური რეფორმები განახორციელოს, რასაც გულისხმობს ეს 12- რეკომენდაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ დღეს ბატონ ელჩთან გვქონდა ყველა ამ საკითხზე საუბარი, ჩვენი პარტია რას გეგმავს, მომავალში როგორ ვემზადებით არჩევნებისთვის, ასევე მიშა სააკაშვილის როლზე როგორც მთავარი პოლიტპატიმრის, შინაარსიანად და სიღრმისეულად ვისაუბრეთ.
ელჩი დაინტერესდა მომავალ გეგმებთან დაკავშირებითაც და, რა თქმა უნდა, ჩვენს ევროპულ მისწრაფებებზე, საბოლოო ჯამში არავინ იცის თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული წლის ბოლოს ბრიუსელში, მაგრამ როგორც ქვეყანა და როგორც ოპოზიცია მზად უნდა იყოს ნებისმიერ სცენარისთვის და ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის,“ – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ავსტრია არის საქართველოს გულშემატკივარი და მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო ჯამში ეს აისახოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში.
„შევხვდით ავსტრიის ელჩს, რომელიც ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარია. ჩვენ, ფაქტობრივად მთავარი ლობისტები ვართ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის და ამას ვესაუბრებით ჩვენს პარტნიორებს, იქნება ეს ევროკავშირის ქვეყნების ელჩები თუ ევროკავშირის ელჩი, რადგან ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.
„რუსული ოცნების“ გამო, ბიძინა ივანიშვილის გამო არ უნდა დაისაჯოს ქართველი ხალხი. ცხადია, საუბარი გვქონდა პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკურ დევნაზე, ნიკა გვარამიას პოლიტიკურ პატიმრობაზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას. ავსტრია არის ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი და მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო ჯამში ეს აისახოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში და „რუსულმა ოცნებამ“ ვერ შეძლოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი,” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.