მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს ქართულ პოლიტიკაში აქტიურ ჩართვას, მთავარია, ჯანმრთელობამ მისცეს შესაძლებლობა, რომ ემსახუროს ქართველ ხალხს და დაეხმაროს რეჟიმის დამარცხებაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პუტინისტური რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლაში პრეზიდენტ სააკაშვილს აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება.
„ჯერ კიდევ 2003 წელს მან შეძლო, რუსულ ორბიტას მთლიანად მოწყვიტა საქართველო და წავედით წინ, დიდი ნაბიჯებით ევროპისკენ, დასავლეთისკენ. ამის შემდეგ იყო უკრაინაში იანუკოვიჩის, პოროშენკოს წინააღმდეგ ბრძოლა და გამარჯვება. როგორც აქამდე მქონდა რწმენა, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი სააკაშვილი ლომის წვლილს შეიტანს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, რუსი ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებაში. მნიშვნელოვანია მისი გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს ქართულ პოლიტიკაში აქტიურ ჩართვას. მთავარია, ჯანმრთელობამ მისცეს შესაძლებლობა, რომ ემსახუროს ქართველ ხალხს და დაეხმაროს ამ რეჟიმის დამარცხებაში.
მე მოვისმინე მოღალატეობრივი განცხადებები როგორც რიჟვაძისგან, ასევე ვოლსკისგან, კობახიძისგან, ეს მართლა ლაჩრები და მშიშარები, ერთ დაძახებაზე მათი ლანდი რომ არ იქნება არსად, გამუდმებით აკრიტიკებენ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელმაც 2008 წელს, ჩვენს გმირ ბიჭებთან ერთად, უდიდესი წინააღმდეგობა გაუწია პუტინის რეჟიმის. მეტიც, რომ არა სააკაშვილი, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, მათი ამოცანა იყო თბილისის აღება. ყველას კარგად ახსოვს პუტინის შეთავაზება, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი წასულიყო დედაქალაქიდან, დაეტოვებინა ქვეყანა, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო მისი უსაფრთხოება, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ცხადია, საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ქვეყნის ერთიანობისთვის არც ქვეყანა დატოვა და არც მისი ხალხი არ მიატოვა. სწორედ ამიტომ იდევნება დღეს სააკაშვილი რუსული რეჟიმის მიერ და არა მარტო ის, იდევნება ყველა ოფიცერი, მებრძოლი, ვინც იბრძვის და იბრძოდა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, საქართველოში თუ უკრაინაში. რუსული რეჟიმი დევნის ყველას, ვინც წინააღმდეგობას უწევდა და უწევს პუტინის რეჟიმის, ამიტომ, ცხადია, „ნაციონალური მოძრაობა“ მიესალმება პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, მთავარია, მას ჯანმრთელობამ მისცეს შესაძლებლობა, ჩაერთოს აქტიურად და მონაწილეობა მიიღოს რუსი ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებაში, დემონტაჟში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად“.