ანა დოლიძე – მოვუწოდებ ადგილობრივ თვითმმართველობებს, ზღვის, ტბებისა და მდინარეების სიახლოვეს მოქალაქეთა უსაფრთხოება დაიცვან

მოვუწოდებ ადგილობრივ თვითმმართველობებს დაიცვან მოქალაქეთა უსაფრთხოება ზღვის, ტბებისა და მდინარეების სიახლოვეს, – ამის შესახებ განცხადებას პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.

მისი თქმით, აუცილებელია დროულად გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რათა ავირიდოთ ის ტრაგედიები, რომელსაც ყოველ ზაფხულს წყალთან ახლოს ვხვდებით.

„გუშინ ბათუმში, ზღვაში მაშველებმა მოზარდი ბიჭის ცხედარი იპოვეს. გუშინ, ილიას ტბაში მამაკაცი დაიხრჩო. ზაფხულის დადგომასთან ერთად წყლის ობიექტები მოქალაქეებისთვის უფრო და უფრო საშიში ხდება. ამასთან დაკავშირებით, 2018 წელს, დავიწყეთ კამპანია ,,იცურე მშვიდად’’, რომელიც აერთიანებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და მიმართულია საქართველოში წყლის ობიექტებზე მოქალაქეთა სიკვდილიანობის წინააღმდეგ. კამპანიის მიზანია, ერთი მხრივ, გაზარდოს ადგილობრივი თვითმმართველობების პასუხისმგებლობა, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შეუწყოს ხელი. 2018 წლიდან ვითხოვთ თვითმმართველობებმა შეასრულონ მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა და მიიღონ სხვადასხვა ზომები ამასთან დაკავშირებით, რასაც მათ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ავალდებულებს. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, თვითმმართველობის მხრიდან კვლავაც არის ინერტულობა. აუცილებელია დროულად გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რათა ავირიდოთ ის ტრაგედიები, რომელსაც ყოველ ზაფხულს წყლის ობიექტებზე ვხვდებით’’, – აცხადებს ანა დოლიძე, რომლის კომენტარსაც პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.