გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, სვენ გიგოლდი 19-დან 22 ივნისამდე საქართველოს ეწვევა და ეკონომიკისა და ევროკავშირის პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.
მათი ცნობით, სახელმწიფო მდივანს მოჰყვება გერმანული მცირე და საშუალო კომპანიების დელეგაცია სამშენებლო სექტორიდან.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ვიზიტის მთავარ თემებს გერმანიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება და საქართველოს ევროპული მომავალი წარმოადგენს.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა იმისათვის, რომ ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს.
„ევროკავშირისკენ მიმავალი საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ ვეხმარებით მას ჩვენ ხელთ არსებული ინსტრუმენტებით, რაც მოიცავს ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობას, საექსპორტო საკრედიტო გარანტიებს, საინვესტიციო გარანტიებსა და პარტნიორობას ადმინისტრაციულ საკითხებში. ასევე, ხელმისაწვდომია მენეჯერთა გადამზადების პროგრამა და ევროკავშირის შეთავაზებები ადმინისტრირების მოდერნიზების კუთხით (ტვინინგის პროგრამა). განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ გერმანული კომპანიები საქართველოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ინტერესს გამოთქვამენ. საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა იმისათვის, რომ კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ინვესტორებისთვის. ამ კუთხით მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის გაუმჯობესება, ამ მიზნით მართლმსაჯულების სისტემის რეფორმების გაგრძელება და კორუფციასთან ბრძოლა.
ჩვენს მხარს ვუჭერთ საქართველოს სურვილს, გახდეს ევროკავშირის წევრი. კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობას წარმოადგენს ევროკავშირის მიერ მოცემული პრიორიტეტების შესრულება“, – აღნიშნა სვენ გიგოლდმა.
„სვენ გიგოლდი დელეგაციასთან ერთად შეხვედრებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებთან გამართავს. ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტის მიზანს გერმანული და ქართული კომპანიების ერთმანეთთან დაკავშირება წარმოადგენს. ამისათვის გაიმართება გერმანული კომპანიების ინდივიდუალური შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან და კლიენტებთან. მონაწილე კომპანიებს შეეძლებათ მათი პროდუქციისა და მომსახურების წარდგენა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.