გიგა ბოკერია The Guardian-ის სტატიაზე – სამწუხაროდ, მძიმე რეალობა, რაც ქვეყანაში გვაქვს, ადეკვატურად არის აღწერილი

სამწუხაროდ, ის მძიმე რეალობა, რაც ქვეყანაში გვაქვს, ადეკვატურად არის აღწერილი, – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიას.

როგორც ბოკერია აღნიშნავს, პუტინისტური რეჟიმის შეცვლის გარეშე წინ ვერ წავალთ.

“ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა რა დასკვნაც უნდა გამოვიტანოთ არის, რომ იმის მიუხედავად, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ჩვენი პარტნიორები ამა თუ იმ გეოპოლიტიკური და სხვა მოსაზრებებით, ჩვენი ეროვნული ამოცანა არ იცვლება. ამ პუტინისტური რეჟიმის შეცვლის გარეშე, ჩვენ ვერ წავალთ წინ, ვერ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, უსაფრთხოებას. ვერ გავხდებით თავისუფალი ნატო-ს და ევროკავშირის წევრი ქვეყანა”, – აღნიშნავს გიგა ბოკერია, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს

ცნობისთვის, 16 ივნისს გამოცემა The Guardian-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნული იყო, რომ „იმ ადამიანის დაპატიმრება, რომელმაც თავისი ქვეყანა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე დააყენა, საქართველოს ბევრი დასავლელი მოკავშირის მიერ განიხილება, როგორც ქვეყნის მოსკოვის გავლენის ორბიტაზე უკან დახევის სიმბოლო. ამასთან, როგორც The Guardian-ი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ქართული საზოგადოება მტკიცედ პროდასავლურია, მის მთავრობას ბრალს სდებენ რუსეთის ბრძანების ფარულად შესრულებაში“.