სუროგაციის შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს სტანდარტი, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში გააჩნიათ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„საკმაოდ სერიოზული ექსპერტები მუშაობდნენ ამ საკითხთან დაკავშირებით. სუროგატები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, ამის უამრავი მაგალითია სამწუხაროდ და მათგან შობილი ბავშვების შემდგომი ბედიც ნაკლებადაა ცნობილი. ეს თემა უფრო მაღალი დონის სპეციალისტებს უნდა ჰკითხოთ, მაგრამ რაც მთავარია გათვალისწინებული უნდა იყოს სტანდარტი, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში გააჩნიათ“,- აღნიშნა ვოლსკიმ.
პარლამენტში სუროგაციაზე მსჯელობა იწყება. მთავრობის კანონპროექტი, ბიუროს სხდომას წარედგინება. ცვლილებებით, ინვიტრო განაყოფიერება და სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული, იკრძალება სუროგაციასთან დაკავშირებით რეკლამების განთავსება, ასევე, იკრძალება სუროგატებისთვის ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯების გარდა, სხვა ტიპის კომპენსაციის მიღება.