მიხეილ სააკაშვილს თუ ქვეყანა მართლა უყვარს (და არა მხოლოდ საკუთარი თავი), ეგომანიაკობა შეწყვიტოს, გაწყვიტოს ყველანაირი კავშირი პოლიტიკასთან, სასჯელი ღირსეულად მოიხადოს, შეეგუოს, რომ წარსულია და გზა მომავალს დაუთმოს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა.
როგორც ის განმარტავს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის ნებისმიერი პოლიტიკური აქტივობით მმართველ პარტიას „კრიტიკულ მომენტში დახმარების ხელს უწვდის“, რაც ღალატის ტოლფასია.
„მინდა მიხეილ სააკაშვილს მივმართო – თუ ქვეყანა მართლა უყვარს (და არა მხოლოდ საკუთარი თავი), ეგომანიაკობა შეწყვიტოს, გაწყვიტოს ყველანაირი კავშირი პოლიტიკასთან, სასჯელი ღირსეულად მოიხადოს, შეეგუოს, რომ წარსულია და გზა მომავალს დაუთმოს.
ვარდების რევოლუციის დროს სტუდენტი ვიყავი. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, კორუფციის და ნეპოტიზმის გარეშე, პროკურატურაში ღია კონკურსით მოვხვდი. ბევრი ჩემნაირი ახალგაზრდისთვის სახელმწიფო უწყებების კარი გაიხსნა. საპატრულო პოლიციის რეფორმით დაწყებული, ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლით დამთავრებული უამრავი კარგი გაკეთდა. მაგრამ … ხალხმა ვერ და სამართლიანად, არ გაპატიათ გირგვლიანი და სხვა მძიმე დანაშაულები; წამება და არაადამიანური მოპყრობა ციხეებში; 26 მაისი; იმედის დარბევა და ა.შ. და გაგიშვათ ხელისუფლებიდან. გარყვნა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად ხალხის ტერორი არ გაპატიათ (ზუსტად ისე, როგორც „ოცნებას“ არ აპატიებენ). დანაშაულები იმდენად მასშტაბური და სისტემური იყო, რომ ყველა კარგი საქმე გადაწონა. შესაბამისად, ამაოა მცდელობა ხალხს ცუდი დაავიწყოთ, მითუმეტეს, როცა თავად ეს ცუდი არასდროს გადაგიფასებიათ და მინიმუმ, ბოდიშიც არ მოგიხდიათ.
ამ ფონზე, ნებისმიერი მისი პოლიტიკური აქტიურობა ოცნებისთვის საჩუქარია. 11 წელია ამ საჩუქრებს ჩუქნის და ოცნების ხელისუფლებაში ყოფნას ახანგრძლივებს. ბოლო 2 წელია საზოგადოება და საკუთარი ამომრჩეველი მისი ცხოვრებით ტყუილებში აცხოვრა. ესეც არ იკმარა და გადაწყვიტა ოცნებას კიდევ ერთხელ, ამჯერად ყველაზე კრიტიკულ მომენტში, დახმარების ხელი გაუწოდოს. ახლა ოცნების დახმარება ღალატის ტოლფასია იმიტომ, რომ სასწორზე ქვეყნის ევროპული მომავალი დევს.
შესაბამისად, როგორც ჩამოვიდა, სასჯელი ისე მოიხადოს და ქართულ პოლიტიკას დაეხსნას. შეუძლებელია წარსულმა, რომელიც აწმყოს ვერ ქმნის, მომავალი შექმნას. გაიაზროს, რომ წარსულია და იქნებ შემდეგ, ხალხმა ის კარგიც დაინახოს, რაც ცუდის კეთებამდე უკეთებია”,- წერს ნათია მეზვრიშვილი.