“ყველა ორკესტრირებულად გმობს მათ, ვინც აგრესია განახორციელა რევოლუციონერი ჯაფარიძის გარშემო შემოკრებილთა მიმართ და არავინ იგონებს აგრესიას, რომელიც მეორე მხრიდან მოდიოდა” – ვოლსკი

ყველა ორკესტრირებულად გმობს მათ, ვინც აგრესია განახორციელა რევოლუციონერი ჯაფარიძის გარშემო შემოკრებილთა მიმართ და არავინ იგონებს იმ აგრესიას, რომელიც მეორე მხრიდან ინტენსიურად მოდიოდა, – ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი თსუ-ში, გორსა და ბაკურიანში მომხდარ ინციდენტებს.

ვოლსკის თქმით, როცა გარკვეულ პროცესებს სწორად არ აფასებ, ამას მეორე მხრიდანაც მოჰყვება აგრესია.

“სტუდენტებთან არავის საწინააღმდეგო არ აქვს. მეც ვხვდები სტუდენტებს და არასდროს მიკადრია, რომ რომელიმე პოლიტიკური გაერთიანების წინააღმდეგ მათი აგრესია მიმემართა ან გამომეწვია. ლიდერებს, ტრენერებს რომ ვუყურებ და მათი განწყობები და მიზნები რომ დესტაბილიზაციას უკავშირდება, გიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ახალგაზრდებს არასწორი გზით მიაქანებენ, მითუმეტეს მაშინ, როცა სწორედ ახალგაზრდები გამოჩნდნენ “მოლოტოვის კოქტეილებით” ხელში. ეს ერთმანეთთან კავშირშია. არ არის სწორი ახალგაზრდებში აგრესიის თესვა, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს. უფლებადამცველებს გუშინ რომ ვუსმენდი, თუნდაც უჩა ნანუაშვილს ერთხელ მაინც რომ დაეგმო ის სტუდენტი, რომელმაც ლექტორი ქეჩოთი გამოათრია სალექციო ოთახიდან, ამდენი დაძაბულობის წინაპირობა აღარ შეიქმნებოდა. დღეს ყველა ორკესტრირებულად გამოდის და გმობს მათ, ვინც აგრესია განახორციელა რევოლუციონერი ჯაფარიძის გარშემო შემოკრებილთა მიმართ და არავინ იგონებს იმ აგრესიას, რომელიც მეორე მხრიდან ინტენსიურად მოდიოდა და ცოცხალი ადამიანის ცეცხლში დაწვაში აისახა ეს ტრენინგები, რომელიც ჯაფარიძისნაირმა ტიპაჟებმა ჩაატარეს. ამიტომ ორმაგი სტანდარტი არ უნდა დაუშვა და უნდა იყოს პრინციპული პოზიცია ჩამოყალიბებული – არა ძალადობას. ახალგაზრდებს ითრევენ დესტაბილიზაციის და რევოლუციურ პროცესში, რამაც ასახვა ჰპოვა ნგრევაში, მტვრევაში, “მოლოტოვის კოქტეილის” სროლაში. აგრესია როცა პიკზე ავიდა და ამას ჯაფარიძე და მისნაირი ტიპაჟები სათავეში ჩაუდგნენ, მაშინ უნდა ყოფილიყო განცხადებები გაკეთებული. არ არის სწორი ახალგაზრდების მობილიზება, რომ პოლიტიკურ ოპონენტს დერეფანში გაეკიდონ, აგინონ, უწმაწური სიტყვები მაისურზე დაიწერონ, გოგოები აიძულონ იგივე სიტყვები გაიმეორონ და როცა ამ პროცესებს სწორად არ აფასებ, ამას აუცილებლად მოჰყვება მეორე მხრიდანაც აგრესია, რომელიც ასევე დასაგმობია და სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ თემაზე უნდა იფიქრონ,” – განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, თუ რატომ არ არიან ინციდენტში მონაწილე პირები დაკავებული მაშინ, როცა მედიამ მოახდინა მათი იდენტიფიცირება, ვოლსკი პასუხობს, რომ ამაზე პასუხი შსს-გან შეუძლიათ მიიღონ.

“იდენტიფიცირება სჯობს მათი მოახდინოთ, ვინც ცოცხალ ადამიანებს ბენზინს ესროდა და წვავდა. მათი იდენტიფიცირება რომ არ მოგიხდენიათ? – მორალური უფლება არ გაქვთ სხვათა იდენტიფიცირების. თქვენ მედია ხართ თუ პროკურატურა?!” – მიმართა ვოლსკიმ ცალკეული მედიის წარმომადგენლებს.