იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილება, რომელიც ეხება საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცედურებს და არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების რეგისტრაციის პროცედურებსა და უფლებებს, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ცვლილებების თანახმად: 2 დღიდან 3 დღემდე იზრდება საარჩევნო კოდექსით დადგენილი ხარვეზის/შეუსაბამობის აღმოფხვრის ვადები; იცვლება ამომრჩეველთა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირებასთან დაკავშირებული ვადები.

კერძოდ, კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში, ამომრჩეველი საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართავს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 11 დღისა, ნაცვლად 8 დღისა; იგივე წესი გავრცელდება სპეციალურ სიაზე.

შესაბამისმა უწყებებმა ამომრჩეველთა სპეციალური სია საარჩევნო კომისიას უნდა მიაწოდონ, ნაცვლად არაუგვიანეს მე-8 დღისა, არაუგვიანეს მე-11 დღეს.

კანონპროექტით, ასევე: დგინდება ამომრჩეველთა ბარათების ამომრჩევლებისთვის გადაცემის საწყისი ვადა; არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა რეგისტრაციისა და უფლებამოსილებათა განხორციელების წესი განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით; ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნება კენჭისყრის დღის 6 საათზე და 45 წუთზე, მიუხედავად იმისა, საარჩევნო უბანში კენჭისყრა ტარდება ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, თუ გამოყენების გარეშე; მარტივდება და ერთგვაროვანი ხდება საარჩევნო სუბიექტების კანდიდატების მიერ საარჩევნო დოკუმენტაციის შედგენის პროცედურები.

ასევე, აღარ იქნება სავალდებულო საარჩევნო სუბიექტების მიერ საარჩევნო დოკუმენტაციაში რიგი ინფორმაციის მითითების ვალდებულება; საქართველოს კონსტიტუციის მსგავსად, კონკრეტდება, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.

​არჩევნების მეორე ტურში კანდიდატების მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო; არჩევნებში დასაშვები იქნება პარტიის მიერ მხოლოდ მისი სახელწოდების ან/და მისი შემოკლებული დასახელების გამოყენება.

დასაშვები იქნება, ასევე, მხოლოდ წესდებაში მითითებული პარტიის შემოკლებული დასახელების მითითება არასრულად; ზუსტდება და ერთგვაროვანი ხდება ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობასთან დაკავშირებული ნორმები; პარტიას/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება ექნება, რეგისტრაციის შემდეგ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 16 დღისა, ნაცვლად არაუგვიანეს 12 დღისა, გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენის შესახებ.

იგივე ვადები დგინდება კანდიდატის მიერ საკუთარი ინიციატივით კანდიდატის მოხსნის შემთხვევაში.

„2023 წლის შუალედურმა/რიგგარეშე არჩევნებმა, რომელიც, ძირითადად, ელექტრონული წესით ჩატარდა, გამოავლინა ცალკეული შეუსაბამობები და ხარვეზები, რომელიც არის საარჩევნო კოდექსში. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებებით ხდება არსებული კანონმდებლობის დამატებით დახვეწა, რომელიც, რა თქმა უნდა, გააადვილებს და უფრო გამჭვირვალეს გახდის საარჩევნო პროცესს და ხელს შეუწყობს მის დემოკრატიზაციას“, – განაცხადა კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა, დავით მათიკაშვილმა.