პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილე – უკრაინას ექნება საკუთარი გზა ნატო-ში გაწევრიანებისკენ

უკრაინას ექნება საკუთარი გზა ნატო-ში გაწევრიანებისკენ, – ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგმა განაცხადა.

„ყველა ქვეყანას თავისი გზა აქვს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაიმედებს ის, რასაც ვხედავთ შვედეთთან დაკავშირებით. რაც შეეხება უკრაინას, მათ ექნებათ საკუთარი გზა ნატო-ში გაწევრიანებისკენ. ნატო-ს აქვს ღია კარის პოლიტიკა გაწევრიანებასთან დაკავშირებით. რაზეც ჩვენ აქ, დეპარტამენტში ვართ ორიენტირებული, არის ის, რომ უკრაინას ჰქონდეს ის, რაც მას დღეს ბრძოლის ველზე სჭირდება“, – განაცხადა სინგმა.

მისი თქმით, უკრაინისთვის ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ისევ ძალაში რჩება. ამასთან, სინგმა აღნიშნა, რომ პენტაგონის ძალისხმევა ახლა ორიენტირებულია უსაფრთხოების პაკეტებზე, რომელიც დაუყონებლივ საჭიროა უკრაინისთვის ბრძოლის ველზე.